სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში
საქართველოში დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან ან მის რომელიმე მეთოდთან, მათ შორის სუროგაციასთან, დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი სპეციალური კანონი არ არსებობს. ამ ტექნოლოგიებისა და სუროგაციის მხოლოდ მცირეოდენ ასპექტებს ეხება საქართველოს შემდეგი ნორმატიული აქტები: კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს კანონმდებლობაში სერიოზულ ვაკუუმად შეიძლება მივიჩნიოთ სუროგაციასა და დონაციასთან დაკავშირებული მშობლის იურიდიული სტატუსისა და უფლება-მოვალეობების მომწესრიგებელი ნორმების არარსებობა, ასევე დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუთვალისწინებლობა და იურიდიული სტატუსის მქონე მშობლების გარეშე დარჩენილი სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ სპეციალური ნორმების განუსაზღვრელობა.
საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ტერმინს „სუროგაცია“. რაც შეეხება, თვით სუროგაციის აღმნიშვნელ პროცედურას, მასთან მიმართებით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლი საკმაოდ „სიტყვაძუნწია“ და განსაზღვრავს მხოლოდ იმას, რომ „ექსტრაკორპორული (აქ იგულისხმება ინ ვიტრო განაყოფიერება სუროგაციის გზით) განაყოფიერება ნებადართულია თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად კი მიღებული ემბრიონი სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადაიტანება მისი გამოზრდის გზით“. ამ ფორმულირების შესაბამისად, სუროგაციის განსახორციელებლად კანონი სავალდებულო წინაპირობად წყვილის წერილობით თანხმობასთან ერთად განსაზღვრავს მხოლოდ „ქალის“ – პოტენციური დედის საშვილოსნოს არარსებობას. მედიცინის სპეციალისტები პრაქტიკაში კანონის ამგვარი ფორმულირების მათეული განმარტებისას უთითებენ, რომ „საშვილოსნოს არქონა“ სამედიცინო თვალსაზრისით უტოლდება შემთხვევას, როდესაც ქალის საშვილოსნო სამედიცინო თვალსაზრისით არაფუნქციურია ემბრიონის მიმაგრების, ნაყოფის გამოზრდისა და შენარჩუნებისათვის ან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ჯანმრთელობისათვის რისკის არსებობის გამო ორსულობა არ არის რეკომენდირებული.
საქართველო იმ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც განსაკუთრებით „მეგობრულია“ სუროგაციის მიმართ. საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციური მშობლებისათვის საშუამავლო მომსახურებას ახორციელებენ სუროგატი დედებისა და დონორების მოძიებასა და შერჩევაში. მათი საქმიანობა სპეციალურ კონტროლსა და სახელმწიფო ზედამხედველობას არ ექვემდებარება და თავისუფლად შეუძლიათ საქმიანობის რეკლამირება საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი რეალობა ხელს უწყობს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ზრდას და განსაკუთრებით მიმზიდველია უცხოელი უშვილო წყვილებისათვის ძირითადად იმის გამო, რომ სუროგატი დედისა და დონორის მოძიება, ისევე, როგორც სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის იურიდიული მშობლების განსაზღვრის ადმინისტრაციული პროცედურა შედარებით მარტივად ხორციელდება. ამასთან, სუროგაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე სუროგატი დედისა და საშუამავლო სააგენტოებისათვის გადასახდელ თანხებს, „სუროგაციის მეგობარ“ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წარმოებული სუროგაციის ხარჯებთან შედარებით ბევრად იაფია.
საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ პირობებს იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ, სადაც შესაძლებელია, ზოგადად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ან კონკრეტულად სუროგატი დედის ჩართულობით ინ ვიტრო განაყოფიერების განხორციელება. კანონმდებლობა რეგულაციის მიღმა ტოვებს პროცედურის ჩატარებისას დაუდევრობის ან შეცდომის მინიმინალიზაციისათვის კონტროლის მექანიზმს, რომელიც გამორიცხავს თუნდაც ხარვეზიანი და მწირი რეგულაციების არსებობის პირობებში, სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერ, არაეთიკურ და კანონშეუსაბამო საქმიანობას ტექნოლოგიების წარმოებისას. მოქმედი კანონმდებლობა საქართველოში სუროგაციის განხორციელების ერთ-ერთ სავალდებულო პირობად განსაზღვრავს პოტენციური დედის ფიზიკურ უუნარობას, თავად მოახდინოს ორსულობა და ნაყოფის გესტაცია და ამ პირობის არსებობის შეფასება და დადასტურება შეუძლია მხოლოდ ექიმს. ამ უკანასკნელსა და სამედიცინო დაწესებულებას მნიშვნელოვანი და პასუხსაგები ფუნქცია აკისრია – სუროგაციასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურა განახორციელოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული საჭიროებისას „უშვილობის“ დიაგნოზის პირობებში.
სუროგაციასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცესის წარმოებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სუროგატი დედისაგან, როგორც პაციენტისაგან, ინფორმირებული თანხმობის მიღებას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობს, პაციენტის – სუროგატი დედის გათვითცნობიერებული თანხმობის გაცხადებას არამარტო იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომლებიც სუროგაციას უკავშირდება – „საშვილოსნოს მომზადება“ ემბრიონის გადატანის მიზნით, ვაგინალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, სამედიცინო კვლევების განხორციელება და ემბრიონის გადატანა, არამედ ამ პროცედურების შედეგებსა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის რისკებზეც, რომლებიც, მათ შორის, ეხება ორსულობას, ცხოვრების წესის ცვლილებას, ორსულობის გართულებებს ან ორსულობის შეწყვეტის საკითხებს. შესაბამისად, სუროგატი დედის მიერ სუროგაციულ შეთანხმებაში გააზრებულად შესვლის ერთ-ერთი არსებითი ელემენტია თანხმობის გაცხადება სამედიცინო დაწესებულებაში სუროგაციის სამედიცინო ასპექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ამომწურავად მიღების შემდგომ და, ამდენად, ინფორმირებული თანხმობა უმნიშვნელოვანესია სუროგაციის პროცესის ინიცირებისათვის არამარტო სამედიცინო, არამედ იურიდიული თვალსაზრისით.
სუროგაცია ეს არის პრაქტიკა, როდესაც ინდივიდები, რომელთაც აქვთ სურვილი ჰყავდეთ და აღზარდონ თავიანთი შვილები, მაგრამ სამედიცინო მიზეზების გამო არ გააჩნიათ ბუნებრივი გზით შვილის ყოლის შესაძლებლობა მიმართავენ, სხვადასხვა ალტერნატიულ რეპროდუქციულ მეთოდებს. სუროგაცია მრავალი წელია არსებობს, როგორც ბავშვის შეძენის ალტერნატიული საშუალება, თუმცა ამის მიუხედავად ის დღემდე ყველაზე საკამათო მეთოდად მიიჩნევა ხელოვნური რეპროდუქციის სფეროში. ის სავსეა ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური წინააღმდეგობებით.
საქართველოს კანომდებლობა არ აწესებს მოთხოვნას პოტენციური მშობლების ან სუროგატი დედის ასაკთან ან მოქალაქეობასთან მიმართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება იყოს პოტენციური მშობელი ან გასწიოს სუროგატული მომსახურება. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არსებობს პოტენციურ მშობლებთან მიმართებით, არის ის, რომ სუროგაციის განხორციელების უფლება ეძლევა მხოლოდ წყვილს.
სუროგატი დედა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს პოტენციურ მშობლებს გაუწიოს სუროგაციის მომსახურება. სუროგატი დედობის კანდიდატების წრე კანონით არ არის შეზღუდული, საჭირო არ არის, რომ სუროგატს პოტენციურ მშობლებთან ჰქონდეს სხვა რაიმე სახის კავშირი, მაგალითად იყოს ნათესავი, მეგობარი ან ოჯახთან დაახლოვებული პირი, შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი ქალბატონი.
იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანებაში, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამტკიცების წესს განსაზღვრავს, 2020 წლის 25 აგვისტოს შევიდა ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, სუროგაციის დროს მხოლოდ წყვილების განსაზღვრება დაკონკრეტდა, კერძოდ, განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული, ანუ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა, თუ ისინი: ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი; ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების მიხედვით, რომლებიც ძალაში სრულად 2020 წლის 15 სექტემბრიდან შევიდა, წყვილები სუროგაციით სარგებლობამდე ვალდებულნი არიან, რომ თანაცხოვრების ფაქტი ნოტარიუსის წინაშე შესაბამისი დოკუმენტებით დაადასტურონ. კერძოდ: საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი; რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა. ცვლილებების შეტანამდე კანონით არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუ რამდენი ხანი უნდა ეცხოვრა წყვილს ერთად, ან რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ დაქორწინებული იქამდე, სანამ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ჩვილის შვილად აყვანას შეძლებდნენ. აღნიშნული ცვლილების მიღების მიზეზი ჩვილებით ვაჭრობის, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად ქცევის რისკების შემცირებაა. ამასთან, წყვილს, რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, მისი აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს და არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომლის მიზანიც ბავშვის საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისთვის გაყვანა იქნება.
სუროგაციის შესახებ კანონმდებლობა განსხვავებულია მსოფლიოში. საქართველოში ნებადართულია სუროგაცია, რამდენადაც კანონმდებლობა არაფერს ამბობს შეთანხმების ხასიათის შესახებ და კომერციალიზაციის აკრძალვისაგან თავის შეკავების გზით ნებას რთავს მხარეებს მისგან მიიღონ სარგებელი. სუროგაციის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ სსკ-ში მოცემული – ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. საქართველო რუსეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ერთად, ევროპის ქვეყნების იმ მცირერიცხვოვანი ჩამონათვალშია, რომლებიც სუროგაციით სარგებლობის უფლებას საკუთართან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც აძლევენ. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, სუროგაცია საერთოდ აკრძალულია. დიდ ბრიტანეთში არაკომერციული სუროგაციაა დაშვებული, ისიც მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის. კომერციული სუროგაცია დაშვებულია აშშ-ის ზოგიერთ შტატში.
საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის იურიდიულ მშობლებად პოტენციური მშობლების განსაზღვრა და ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის გზით) შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების მოწმობის გაცემა ხორციელდება სასამართლო წარმოების გარეშე ადმინისტრაციული პროცედურით. ამისათვის საჭირო იქნება შემდეგი დოკუმენტები: წყვილის მიერ ხელმოწერილი სუროგაციის კონტრაქტი; (ნოტარიულად დამოწმებული); ექსტრაკორპორული განაყოფიერების კლინიკის მიერ გაცემული სერტიფიკატი სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონის გადატანის ნებართვით; სამშობიარო სახლის მიერ გაცემული ბავშვის დაბადების სერტიფიკატი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც „სააგენტო“ უარს ამბობს სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლებად პოტენციური მშობლების დაბადების სააქტო ჩანაწერში რეგისტრაციაზე, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის, თუ ამ ვადაში სავალდებულო დოკუმენტების არასრულად წარდგენის მიზეზით, პოტენციურ მშობლებს მშობლის იურიდიული სტატუსის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წარმოების გზით.
ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის გზით) შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან: ა) გენეტიკური მშობლები; ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი; გ) წყვილი. ამ ჩანაწერით განსაზღვრული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი: ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი; ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.
ექსტრაკორპორული განაყოფიერების სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143–ე მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება (ეკგ) ნებადართულია წყვილის სავალდებულო წერილობითი თანხმობით, შემდეგ შემთხვევებში: უშვილობის მკურნალობა; დედის ან მამის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობა; განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა და გამოზრდა სუროგატი დედის საშვილოსნოში.
საქართველოს კანონმდებლობა სუროგაციასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს ტოვებს მკაფიო რეგულირების გარეშე, თუმცა ბავშვზე მშობლის სტატუსის მიკუთვნების შესახებ ვხვდებით ცალსახა მითითებას: „ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება ბავშვის მშობლად, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.“ სუროგაციით დაბადებული ბავშვის დაბადების შემდგომ ხდება ბავშვის დაბადების მოწმობა გაცემა, სადაც მითითებულია მხოლოდ წყვილი, როგორც ბავშვის მშობლები.