სამედიცინო მომსახურების პასუხისმგებლობის თავისებურებები
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ადამიანის საუკეთესო საჭიროებებისკენ არის მიმართული. ამისათვის კი არსებითად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალმა გაითავისოს ეთიკური პრინციპები და შეისწავლოს სამედიცინო სამართალი სრულყოფილად. ჯანდაცვის (ჯანმრთელობის დაცვის) სამართლის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას. ასევე, მოქალაქეებისთვის – იცოდნენ თავიანთი უფლებები, რეგულაციები და გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
ჯანდაცვის პროფესიონალების, ისევე როგორც ყოველი მოქალაქის, მოვალეობასა და ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას, როგორც კანონი, ასევე პროფესიული ეთიკის ნორმები. თუმცა, მთელი რიგი შეუსაბამობები შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, თუ რა არის ,,კანონიერი“ და რა – ,,ეთიკური“ პაციენტის მკურნალობის პროცესში, რომელიც შესაძლოა, დამაბნეველი აღმოჩნდეს, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნეს კანონმდებლობასთან ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს ცნობიერების დონე ჯანდაცვის სამართლის მიმართულებით, როგორც ჯანდაცვის, ასევე სამართლის სპეციალისტებს შორის.
საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით მთელი რიგი ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი რათა ჯანდაცვის სამართლის, როგორც დამოუკიდებელ დისციპლინად დანერგვა მოხდეს.
სამწუხაროდ, საქართველოში სამედიცინო შეცდომები სტატისტიკურად არ აღირიცხება. სამედიცინო დავებში მთავარ გამოწვევად რჩება სამედიცინო შეცდომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული გამომდინარეობს, როგორც სამედიცინო სფეროს კომპლექსურობიდან, ასევე მტკიცებულებების სპეციფიკური ხასიათიდან. სამედიცინო ურთიერთობისას პირს შეიძლება მიადგეს სხვადასხვა სახის ზიანი. იმისათვის, რომ ზიანი ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას, საჭიროა იგი იყოს განსაზღვრადი. ზიანის ოდენობის შეფასების ვალდებულება მოსარჩელის მხარეზეა, ხოლო თუ იგი არ უთითებს რაში გამოიხატა მისთვის მატერიალური ზიანი, მოთხოვნა ჩაითვლება დაუსაბუთებლად.
პაციენტის უფლებების ეფექტურად დაცვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის არასწორი განაწილების შედეგი, ხშირ შემთხვევაში, მცდარი გადაწყვეტილების მიღებაა. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას.
ექიმის მიერ ვალდებულების დარღვევაზე საუბრისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რომ ექიმს ჰქონდა ზრუნვის ვალდებულება პაციენტის მიმართ, რომ აღნიშნული ვალდებულება დაირღვა და მისი პირდაპირი შედეგია პაციენტისათვის მიყენებული ზიანი. საგულისხმოა, რომ არაკომპეტენტურობა ანუ ექიმის მიერ მკურნალობის უახლესი სტანდარტების არცოდნა, რომელიც გამოწვეულია არასათანადო სამედიცინო განათლებით ან განგრძობადი განათლების არქონით, ითვლება ვალდებულების დარღვევად.
საკანონმდებლო დონეზე ექიმის ბრალის გამოსახატავად გამოყენებულია ტერმინი „უნებლიეთ“, რაც თავისთავად გამორიცხავს სამედიცინო შეცდომის შედეგად პაციენტისათვის მიყენებულ ზიანში ექიმის განზრახვას. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი განზრახ გადაუხვევს მოქმედ სტანდარტებს ან აირჩევს არასწორ მკურნალობას, საქმე გვექნება დანაშაულის ჩადენასთან და ეს საკითხი სისხლისსამართლებრივად დარეგულირდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არის შემთხვევები როდესაც ზიანის მიყენება გამოწვეულია პაციენტის ბრალითაც. ასეთ დროს მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
სამედიცინო დავებში განსაკუთრებით რთული და მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ექიმის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის, რადგან ჯანმრთელობის დაზიანება ან სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ მცდარი სამედიცინო ქმედებით, არამედ პაციენტის ორგანიზმის თავისებურებით ან კიდევ თავად პაციენტის მიერ ვალდებულებების დარღვევით, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების გამწევისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ექიმის დანიშნულების შეუსრულებლობა და ა.შ. ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა. აქედან გამომდინარე, სწორედ სამედიცინო პერსონალია ვალდებული გამორიცხოს თავისი ბრალი პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესებასა და ჯანმრთელობის არასრულ გაუმჯობესებაში.
აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ სამედიცინო საქმიანობაში ე.წ უხეში შეცდომის მნიშვნელოვან ასპექტებზე. უხეშ შეცდომად, როგორც წესი, განიხილება ექიმის მიერ დადგენილი სამედიცინო ნორმების აშკარა დარღვევა, რომელიც აუხსნელი და გაუგებარია ობიექტური ადამიანის გადმოსახედიდან. უმეტეს სამედიცინო შეცდომის დროს დარღვევა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზით. თუმცა, უხეში შეცდომის შემთხვევაში, დარღევა იმდენად აშკარაა, რომ ექსპერტიზა საჭირო აღარ არის.
სწორედ ამიტომ სამედიცინო მომსახურების ყოველი კონკრეტული შემთხვევა მეტად ინდივიდუალური და სპეციფიურია, რაც დეტალურად და სიღრმისეულად უნდა იქნეს გამოკვლელული და შესწავლილი. მხოლოდ ყველა ობიექტური და უტყუარი გარემოებებით უნდა იქნეს დადასტურებული სამედიცინო პერსონალის თუ პაციენტის ბრალეულობა და გადაწყვეტილებაც ამის შესაბამისად უნდა იქნეს გამოტანილი.