როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა?
ალიმენტი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სარჩოს, რომელიც ვალდებულმა პირმა უნდა გადაუხადოს მოთხოვნის უფლების მქონეს. ალიმენტვალდებული პირები შეიძლება გახდნენ არამარტო მშობლები, არამედ შვილები და სხვა ოჯახის წევრებიც.
სტატიაში ვისაუბრებთ იმ შემთხვევაზე, როცა ალიმენტვალდებული პირი მშობელია. მშობლების განქორწინება არ უნდა აისახოს ბავშვის განვითარებაზე, ამ დროს კი მატერიალური უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო მშობლებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ამ დროს სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალურ მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ მიმღების ან გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვლება (გაუმჯობესდება ან გაუარესდება), სასამართლო ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვლის დადგენილი ალიმენტის ოდენობას.
ხშირია შემთხვევა, როცა ვალდებულ პირს გააჩნია მატერიალური საშუალება, მაგრამ თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს იძულებით–აღმასრულებლის მეშვეობით. უფლებამოსილ პირს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ უწყდება ალიმენტის მოთხოვნის უფლება, რა თქმა უნდა, თუ იგი არ არის შრომისუუნარო.
ალიმენტის დაკისრება საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი და მეტად ყურადსაღები საკითხია. ის დაუყოვნებელ აღსასრულებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ალიმენტის მიმღების ან გადამხდელის გარდაცვალება უდავოდ იწვევს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას.