პირადი მონაცემები ციფრულ ეპოქაში
პირადი მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანი და ამავდროულად კომპლექსური საკითხია მუდმივად ცვალებად, ტექნოლოგიებით მართულ ციფრულ სამყაროში. ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ ამ მხრივ გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. პირადი და საჯარო მონაცემების გარჩევა სულ უფრო რთული ხდება და საკანონმდებლო დონეზე მკაფიო განმარტების გარეშე ინტერნეტ გარემოში კონფიდენციალურობის დარღვევის დადგენა ძნელია.
პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებაზე პირველად ისაუბრა ამერიკის სასამართლოს მოსამართლე ლუი ბრანდეისმა (1856 – 1941). მისი თქმით: „ადრეულ პერიოდში კანონი ითვალისწინებდა საკუთარი ცხოვრების უფლების დაცვას მხოლოდ ფიზიკური ჩარევისგან, თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში კონფიდენციალურობა ბევრად უფრო კომპლექსური გახდა ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ხელყოფა“. ჩვენს ეპოქაში ინტერნეტსივრცის გაჩენამ წარმოქმნა ახალი გარემო, რომლისთვისაც არსებული იურიდიული სტანდარტები არაადეკვატურია, საჭიროა კონფიდენციალურობის კონტურების მკაფიოდ განსაზღვრა კიბერსივრცეში.
ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთულია განსხვავების დადგენა კერძო და საჯარო პირებს შორის. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ყველა გარკვეულწილად საჯარო ფიგურები ვართ. ონლაინ სივრცეში ინფორმაციის გამოქვეყნებით ჩვენ უარს ვამბობთ მის საიდუმლოებაზე. ამის გამო მათი აზრით, უსამართლოა პირადი მონაცემების დაცვის უფლების მოთხოვნა მათი მხრიდან, ვინც თავად აქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების გარკვეული ნაწილი რეგულირდება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების მიერ შედგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პროკურატურამ გამოძიებისას მოიპოვა პირადი ინფორმაცია იმ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც ბრალდებულმა სავარაუდოდ გამოიყენა დანაშაულის ჩადენისთვის. ის ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაციისას დაეთანხმა მომსახურების პირობებს, რომლებიც მომხმარებელს ატყობინებდა, რომ მისი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნებულიყო სამართლებრივი პროცესებისათვის. ძნელია იმის დადგენა, მომხმარებელი შეგნებულად დათანხმდა თუ საერთოდ არ წაიკითხა მომხმარებლის ხელშეკრულების პირობები ამ კონკრეტული ელ.ფოსტის სერვერისთვის.
ახალ გამოწვევებს პასუხობს საქართველოს კანონმდებლობაც. 2019 წლის მაისიდან საქართველოში ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა, მათი დამუშავების კანონიერებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებული აქტივობების კონტროლია. გარდა ამისა, სამსახური აქვეყნებს სხვადასხვა სახის რეკომენდაციებსაც. მაგალითად, მათ გამოსცეს ცალკე რეკომენდაცია აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებლებისათვის, რადგან პანდემიის განმავლობაში ის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა. აპლიკაციის ფუნქციებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესწავლის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასკვნა, რომ მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ Facebook-ის, Viber-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციები და მიმდინარედ გააქტიურებულია ისინი, TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია პირადი ინფორმაციის მიღება დანარჩენი 3 აპლიკაციისგან. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც, მათ შორის სარეკლამო კომპანიებს.
პრაქტიკულად ყველა ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, რეალურ თუ ინტერნეტსივრცეში მიღებული მომსახურება, ორგანიზაციებთან კომუნიკაცია პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. ორგანიზაციებში მუშავდება და თავს იყრის ჩვენი სახელები, პირადი ნომრები, საბანკო მონაცემები, ინფორმაცია ოჯახის, სამსახურის, შემოსავლების, ჯანმრთელობის შესახებ და სხვა. მართალია, მონაცემების მიმოცვლა აუმჯობესებს კომუნიკაციას და ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა ეს პროცესი შეიცავს საფრთხეებსაც და აუცილებელია წარიმართოს კანონიერად.
ზოგადი რეკომენდაციის სახით, ინტერნეტში ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას თქვენ უნდა დაინტერესდეთ:
- ვინ ამუშავებს (აგროვებს, ინახავს, ცვლის და ა.შ) მონაცემებს;
- რამდენად აუცილებელია კონკრეტული მონაცემის მიწოდება;
- როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება და რა შედეგი მოჰყვება მას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე საბანკო ანგარიშებსა და ბარათებს ეხება. ამიტომ:
- აუცილებლად გადაამოწმეთ ვებ-გვერდის სანდოობა (ვებნავიგატორის მისამართების პანელში მისამართს უნდა ერთვოდეს ბოქლომის სიმბოლო, რომელიც ტრანზაქციის დაცულობაზე მიუთითებს);
- გამოიყენეთ უნიკალური და რთული, მრავალფეროვანი სიმბოლოებისგან შემდგარი პაროლი;
- სხვადასხვა ონლაინ მომსახურების მიღებისას გამოიყენეთ განსხვავებული მომხმარებლის სახელი და პაროლი, რათა ერთ-ერთ ანგარიშზე უნებართვო წვდომის შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნას სხვა ანგარიშებსაც.
გაითვალისწინეთ, პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და შემდგომი გამოყენება ძირითადად ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა გამოყენების წესის შესახებ (Privacy Policy).