ჩვენი უმცროსი ადვოკატის – ანნა ლილუაშვილის ინტერვიუ ქალთა საკუთრების უფლებებზე
ანნა ლილუაშვილი საერთო სამართლის, ასევე არასრულწოვათა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ახალგაზრდა ადვოკატია, საერთო სამართლის მაგისტრი და არბიტრთა ასოციაციის წევრი არბიტრი. ამჟამად საერთაშორისო მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „სითი ლუქსის“ მთავარი იურისტი და ბიურო „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის“ ადვოკატია.
საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?
დიახ, საქართველოს კონსტიტუციით ქალთა და მამაკაცთა საკუთრების უფლება თანასწორია.საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასევე არ ცნობს ქალთა და მამაკაცთა შორის სამართლებრივ განსხვავებებს საკუთრების უფლების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ხშირად საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები ხელმძღვანელობენ დამკვიდრებული შეხედულებებით და არა კანონით. ამის გამო, საქართველოში მემკვიდრეობის განაწილებისას უძრავი ქონება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვაჟს რჩება. საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით მამაკაცები აშკარად ლიდერობენ ქონების საჯარო რეგისტრაციით.
როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?
საკანონმდებლო ჩანაწერით, მემკვიდრეობა ორი სახისაა – კანონით და ანდერძით. მიუხედავად არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა, სოციალური პრაქტიკები ადასტურებენ, რომ ხშირ შემთხვევებში სამკვიდრო წილის არათანაბარ გადანაწილებას გენდერული ჩაგვრის განზომილება აქვს. ქართულ ოჯახში მემკვიდრეობის განაწილების პრაქტიკები გვიჩვენებს, რომ ქალები, ძირითადად, არც ითხოვენ თავის კანონიერ წილს. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ეს ძირითადად კულტურული ნორმის ბრალია, როდესაც საკუთარი წილის მოთხოვნა აღიქმება, როგორც ძმისთვის კუთვნილი ქონების წართმევა. ქალები უარს ამბობენ მემკვიდრეობაზე, რადგან არ უნდათ გაიფუჭონ ოჯახთან ურთიერთობა და იციან, რომ საზოგადოება უარყოფითად შეაფასებს ქალისთვის ქონების გაყოფას. თუმცა უნდა ითქვას, თაობათაშორისი დისკურსი სამკვიდრო წილთან მიმართებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდასთან ერთად იცვლება.
აქვე საინტერესოა მემკვიდრეობის წილის მოთხოვნა განქორწინების შემთხვევაში. სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გავრცელებულია მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ოჯახის მიერ შეძენილი ქონება რეგისტრირდება მხოლოდ ერთ, უმეტესწილად მამაკაც მეუღლეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი ქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით. ტერმინი მეუღლე გენდერულად ნეიტრალურია. კანონი აძლევს ქალს შესაძლებლობას, მოითხოვოს მეუღლისგან იმ ქონების გაყოფა, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მეუღლეთა შორის საქორწინო კონტრაქტია შედგენილი და ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი).