5 რჩევა ადვოკატთან სწორი კომუნიკაციისთვის
აუცილებელია, ჩვენს უფლებებს კარგად ვიცნობდეთ, რათა მოვახერხოთ თავის დაცვა. არის შემთხვევები, როდესაც ადვოკატის დახმარება გვესაჭიროება. ადვოკატი ხდება ჩვენი წარმომადგენელი, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია მას სწორად და ზუსტად უნდა მივაწოდოთ. გიზიარებთ 5 რჩევას, რათა მარტივად მოახერხოთ მასთან თანამშრომლობა.
1.იყავით ორგანიზებული – შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა დეტალი და თქვენ მიერ მონათხრობი იყოს ყოვლისმომცველი. დეტალურად აღიდგინეთ სურათი. მაგალითად, თუ ეს არის რაიმე სახის ინციდენტი, დარწმუნდით, რომ ქრონოლოგიურად ალაგებთ მომხდარს, თავიდან ბოლომდე. აუცილებელია, თქვენს ადვოკატს აცნობოთ სია იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალო მონაწილენი ან თვითმხილველები იყვნენ კონკრეტული შემთხვევის.
2.ისაუბრეთ დეტალურად – საქმის წარმატებისთვის ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ისეთი მეორეხარისხოვანი ფაქტორი,როგორიც, მაგალითად, ამინდია თქვენ უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ გამოძიებას დაეხმაროს. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორად არის გაგებული. (რა თქმა უნდა, კარგი ადვოკატი თავადაც იზრუნებს ამ საკითხზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ – თანამშრომლობა ორმხრივია).
3.იყავით გულწრფელები – გახსოვდეთ, რომ თქვენ და ადვოკატი ერთ გუნდში ხართ, საერთო მიზნისთვის იბრძვით, ამიტომ არ მოატყუოთ ის. თქვენს წარმომადგენელს არ შეუძლია ვინმეს გაუზიაროს კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ არ მისცემთ ამის ნებართვას. ესაუბრეთ ყველაფერზე, რაც არ უნდა რთული იყოს ეს თქვენთვის.
4. აცნობეთ სიახლეები- მცირე დეტალის ცვლილებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენი საქმის მსვლელობაზე. თუ დავა დიდხანს გრძელდება, მეტია ცვლილებების ალბათობა.
5.იურიდიული ტერმინების განმარტება – იმისთვის, რომ თქვენ მარტივად შეძლოთ კომუნიკაცია და ყველა დეტალი გასაგები იყოს, აუცილებელია, ადვოკატს სთხოვოთ თქვენთვის გასაგებ ენაზე ისაუბროს. ამით კი თავიდან მაქსიმალურად აირიდებთ გაუგებრობებს.
ეს რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ თანამშრომლობის პროცესში. თუ ჯერ ადვოკატის მოძებნის პროცესში ხართ, იცოდეთ 10 კითხვა, რომელიც მას უნდა დაუსვათ.