5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს პირადი ადვოკატი
იურიდიული სფეროს წარმომადგენლები პატიოსანი, მშრომელი და მცოდნე პროფესიონალები არიან, რომლებიც თავიანთი კლიენტების საუკეთესო ინტერესებს ემსახურებიან და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ადამიანების უმრავლესობას ჰყავს ოჯახის ექიმი ან პირადი ხელოსანი, რომლის დახმარებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ სჭირდებათ, თუმცა მათთან მაინც გრძელვადიანი ურთიერთობა აკავშირებთ. რატომღაც, საქართველოში ადვოკატის ყოლა ასოცირდება პრობლემების ქონასთან. სინამდვილეში კი, როგორც ზემოთხსენებული პროფესიების წარმომადგენლები, ადვოკატებიც, თუკი მათთან გრძელვადიანი ურთიერთბა გექნებათ, ბევრად უფრო ხარისხიან და მყისიერ დახმარებას შეძლებენ.
ქვემოთ ვისაუბრებთ 5 მიზეზზე, თუ რატომ არის მუდმივი ადვოკატის ყოლა საჭირო.
- ანაზღაურება
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ იკავებენ ადვოკატის დაქირავებისგან თავს, არის მათი ანაზღაურება. მიჩნეულია, რომ ადვოკატის მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება. სინამდვილეში, იურიდიული მომსახურების ტარიფები მრავალფეროვანია და განსხვავდება საქმის სირთულის, ადვოკატის კომპეტენციისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. საკმაოდ მარტივია გამოცდილი ადვოკატის პოვნა, რომლის საათობრივი ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე თქვენი ექიმის ან თუნდაც ლიცენზირებული სანტექნიკოსის.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ადვოკატების უმრავლესობა კლიენტებს უფასო კონსულტაციას უწევს, რა დროსაც მათთან ბევრ საჭირო დეტალზე ხდება საუბარი, მათ შორის პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებსა და ანაზღაურების ოდენობაზე.
- პრობლემების პრევენცია
ბევრმა არ იცის, რომ ადვოკატების სამუშაოს უმეტესი წილი არ მოდის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ პრევენციული ხასიათისაა. ადვოკატის ყოლა, რომელსაც შეუძლია კონსულტაცია გაგიწიოთ კონტრაქტების დადებამდე და დაიცვას თქვენი ინტერესები პროცესში, განაახლოს თქვენი იურიდიული დოკუმენტაცია და უზრუნველყოს, რომ თქვენი ნებისმიერი ქმედება შეესაბამებოდეს კანონმდებლობას, დაგეხმარებათ იურიდიული პრობლემების თავიდან აცილებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგიზოგავთ დიდ თანხასა და თავის ტკივილს.
- თქვენს პარტნიორს/კონკურენტს ჰყავს იურისტი
თუ თქვენი პარტნიორი ან კონკურენტი სარგებლობს იურიდიული მომსახურებით, ეს თქვენ არახელსაყრელ პირობებში გაყენებთ. ნებისმიერი მოლაპარეკებისა თუ დავის დროს თქვენი ინტერესები მეტად დაცული იქნება თუ წარმომადგენლობას პროფესიონალი გაგიწევთ.
- ძლიერი ქსელი
დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა ადვოკატი მუშაობს კოლეგების, სხვა სპეციალიობებისა და ხელისუფლების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხარდამხარ, რაც თქვენ დამატებით საშუალებას გაძლევთ დაამყაროთ კავშირები „საჭირო ადამიანებთან“.
ისეთი ადამიანის ყოლა, ვისაც შეუძლია სწორ ხალხთან დაგვაკავშიროს, ყოველთვის ფასდაუდებელია. ადვოკატები სწორედ ამით გამოირჩევიან.
- თქვენ არასდროს იცით წინასწარ, თუ როდის დაგჭირდებათ ადვოკატი
იურიდიული პრობლემის წარმოქმნის შემდეგ, ისედაც შეზღუდულ ვადებში დიდი დრო იხარჯება ადვოკატის ძებნაში, ხოლო შემდეგ ადვოკატის მიერ პრობლემის გაცნობასა და თქვენი მდგომარეობის გარკვევაში.
სწრაფი, ეფექტური რეაგირება ზოგადად ნიშნავს უკეთეს შედეგსა და დაზოგილ ფულს. რაც უფრო უკეთ გიცნობთ თქვენი ადვოკატი, მით უკეთესად შეძლებს ის თქვენს დახმარებას. ისეთი რუტინული შემთხვევები, როგორიცაა მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევები, კონტრაქტები, ანდერძი და ა.შ. კარგი და მარტივი შესაძლებლობებია, რომ უკეთ გაეცნოთ ადვოკატს და იპოვოთ თქვენთვის სასურველი.