10 კითხვა, რომელიც თქვენს პოტენციურ ადვოკატს უნდა დაუსვათ
ადკოვატთან პირველი კონსულტაციისას მნიშვნელოვანია, რომ მას დაუსვათ სწორი კითხვები, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში – შესაფერისი კანდიდატია თუ არა ის თქვენთვის და სულაც გჭირდებათ თუ არა ადვოკატი.
სასურველია, შეკითხვების ჩამონათვალი წინასწარ გქონდეთ მომზადებული. კითხვებმა საშუალება უნდა მოგცეთ მეტი გაიგოთ ადვოკატის გამოცდილების, ცოდნისა და სხვა მნიშნველოვანი საკითხების შესახებ.
ქვემოთ მოცემულია ათი კითხვა, რომელიც თქვენს პოტენციურ ადვოკატს უნდა დაუსვათ.
1. რამდენი ხანია, რაც ადვოკატის საქმიანობას ეწევით?პირველ რიგში თქვენ უნდა გაიგოთ ადვოკატის გამოცდილების შესახებ, ვეტერანია ის თუ დამწყები. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში დამწყები ადვოკატიც შესაძლოა მშვენივრად გაუმკლავდეს თქვენს საქმეს.
2. ძირითადად რა ტიპის საქმეებზე მუშაობთ?
ასევე საჭიროა გაიგოთ ადვოკატის გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც თქვენი საქმე ეხება. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება შვილად აყვანის საქმეში, შეიძლება მოისურვოთ საოჯახო სამართლის ადვოკატის მოძიება, რომელიც მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობდა.
3. ვინ არის თქვენი ტიპური კლიენტი?
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც ხშირად არასათანადო ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ კონკრეტული იურიდიული პრობლემის მქონე პირი, მაგრამ მიხვედით ადვოკატთან, რომელიც მხოლოდ კომპანიებს ემსახურება, ეს შეიძლება არ იყოს თქვენთვის საუკეთესო არჩევანი.
4. რამდენ მსგავს საქმეში ყოფილხართ წარმომადგენელი?
ახლა სიმორცხვის დრო არ არის. თავისუფლად ჰკითხეთ ადვოკატს მსგავსი ტიპის შემთხვევაზე მუშაობის გამოცდილების შესახებ და აუცილებლად გაარკვიეთ მოგებული საქმეების რაოდენობა.
5. იურიდიული განათლების გარდა, რა სახის სპეციალური ტრენინგი ან ცოდნა გაქვთ, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ ჩემს სიტუაციაში?ზოგიერთ იურიდიულ შემთხვევაში საჭიროა სპეციფიური ცოდნა. სპეციფიური ცოდნა საჭიროა ეფექტური წარმომადგენლობისთვის. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ადვოკატი ფლობს აღნიშნულ უნარებს.
6. რა არის თქვენი მომსახურების ღირებულება? ჩემს საქმეზე იმუშავებს უშუალოდ ადვოკატი თუ მისი თანაშემწე?
ეს კითხვა უდავოდ მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა გაიგოთ, გაწვდებით თუ არა ადვოკატის მომსახურებას და როგორ მოგიწევთ გადახდა. ასევე, შესაძლებელია ღირებულების შემცირების მოთხოვნა იმ შემთხვევაში თუკი საქმეზე იმუშავებს ადვოკატის თანაშემწე.
7. როგორია თქვენი მიდგომა და ფილოსოფია საქმის წარმოების მიმართ?
მნიშვნელოვანია ადვოკატის ფსიქოტიპისა და საქმისადმი მიდგომის გარკვევა. მაგალითად, მოსალოდნელი კორპორატიული შერწყმის მოსაგვარებლად თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ „აგრესიული“ ადვოკატი, და პირიქით, თუკი „უმტკივნეულო“ განქორწინება გსურთ.
8. სხვა რა გზები არსებობს ჩემი სამართლებრივი პრობლემის მოსაგვარებლად?
ჰკითხეთ პროფესიონალს, არსებობს თუ არა რაიმე ალტერნატიული გზა თქვენი სამართლებრივი პრობლემის მოსაგვარებლად, თუნდაც სასამართლოსთვის გვერდის ავლით, არბიტრაჟით და სხვა გზებით. კარგმა ადვოკატმა უნდა გამცნოთ თუ თქვენი საქმის მოგვარება სხვა, ნაკლებად ძვირი და მოკლევადიანი საშუალებითა შესაძლებელი.
9. როგორ მაცნობებთ რა ხდება ჩემს საქმეში?
კომუნიკაცია მთავარია ადვოკატთან მუშაობის დროს. ჰკითხეთ ადვოკატს, რამდენად ხშირად და რა ვითარებაში დაგიკავშირდებათ. თქვენ უნდა იცოდეთ როგორ მიმდინარეობს თქვენი საქმე.
10. რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ჩემი საქმე?
თქვენ ადვოკატისგან ელოდებით გულწრფელ და არა სასურველ პასუხს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა იცოდეთ რა შედეგს შეიძლება ელოდოთ, რომ წინასწარ იყოთ მზად ყველა სავარაუდო სცენარისთვის.
ამ კითხვებმა უნდა შეგიქმნათ ზოგადი წარმოდგენა კონკრეტული ადვოკატის გამოცდილების, უნარებისა და ასევე, იმის შესახებ, თუ რამდენად შესაფერისია ის თქვენთვის.